Thursday, July 3, 2014

ცოცხალი ისტორია

გამარჯობა,მეგობრებო! ჩემმა ახლობელმა მითხრა თქვენი ბლოგის არსებობის შესახებ.მე წავიკითხე აქ დაწერილი ისტორიები და მინდა მართლა გულით მოგილოცოთ,რომ თქვენ ასე ‘’გაგიმართლათ’’... ჩემთან ცოტა განსხვავებულად,უფრო სწორად ჩემთვის ძალიან რთულადაა ყველაფერი. ჩემი დიაგნოზი გასული წლის ზაფხულში გავიგე.სამი თვის ორსული ვიყავი და ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე დადგომის დროს მითხრეს.სულ რამოდენიმე თვის გათხოვილი გახლდით და ასე ვთქვათ,ჯერ კიდევ ‘’ თაფლობის თვე’’გვქონდა...ახალი ამბავი ჩემთვის იმდენად საშინელი და სტრესული იყო,კარგა ხანს და მგონი,დღემდე ვერ გამოვედი მდგომარეობიდან.თავიდან არ დავიჯერე,მაგრამ ჩემს მეუღლესაც რომ აუღეს სისხლი და რამოდენიმეჯერ გადაამოწმეს დადებითი შედეგი,მაშინ ნამდვილად ‘’მოვკვდი’’...ვფიქრობდი,რომ დამთავრდა სიცოცხლე,ყველაფერი,რომ გარშემო ყველამ იცოდა ჩემი დიაგნოზი და მრცხვენოდა თითქოს,გავურბოდი ყველასთან შეხვედრას.ბავშვის მომავალი ჯანმრთელობაც მაშფოთებდა.შიდსის ცენტრის ექიმები მამშვიდებდნენ და მპირდებოდნენ,რომ ბავშვი ჯანმრთელი იქნებოდა.ორსულობის რაღაც ეტაპზე დავიწყე ანტირეტროვირუსული მკურნალობა.ისედაც დარდისგან გამოფიტულს ძალიან გამიჭირდა წამლებთან შეგუება,თითქმის ყოველ მიღებაზე გულისრევა მქონდა.შემდეგ შემიცვალეს დანიშნულება და ახალი შედარებით იოლად მივიღე... ორსულობის ბოლო კვირეებში ხერხემლის დისკოზი(და თიაქარი)დამემართა.თან დაერთო მწვავე გლომერულონეფრიტი.ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო.ქვედა კიდურები პრაქტიკულად პარალიოზებული მქონდა და სიარული არ შემეძლო,ამავდროულად გაუსაძლისი ტკივილები და დეპრესია მტანჯავდა. უარესი მაშინ მოხდა,როცა ორსულობის 35 კვირაზე ჩემმა გინეკოლოგმა მირჩია,საკეისრო კვეთა გამეკეთებინა,რადგან შესაძლებელი იყო,ორსულობა ბოლომდე ვერ მიმეყვანა.ჩემი ქმარი და დედაჩემი დადიოდნენ სამშობიარო სახლებში მეანის ასაყვანად,მაგრამ,ჩვენდა სავალალოდ,სწორედ ექიმებისგან ვიგრძენი საშინელი სტიგმა და დისკრიმინაცია,ის,რაც მხოლოდ მოსმენით ვიცოდი,საკუთარ თავზე გამოვცადე...რამოდენიმე სამშობიარო სახლმა ოპერაციაზე სასტიკი უარი განაცხადა ჩემი სტატუსის გამო...დრო იწელებოდა,ტკივილები მიმატებდა და დეპრესია ბოლოს მიღებდა.გაუჩერებლივ ვტიროდი და მხოლოდ სიკვდილსღა ვნატრობდი...ფიზიოლოგიურ მშობიარობას ისედაც ვერ შევძლებდი ჩემი პრობლემის გამო.ბოლოს ისევ ახლობლის დახმარებით ერთმა კეთილშობილმა მეანმა გამიკეთა საკეისრო.მე მინდა ღმერთს მარტო იმისთვის ვუთხრა მადლობა,რომ ასეთი გულისხმიერი ადამიანებიც არსებობენ.იმ სამშობიაროში თავს დაცულად ვგრძნობდი,არაფერი უგრძნობინებიათ ჩემთვის. დღეს ჩემი პატარა ბიჭი თითქმის წლის ხდება.უფლის მადლით და ექიმთა წყალობით ჯანმრთელია.ბედნიერი ვარ მას რომ ვუყურებ,მაგრამ ჯერ კიდევ არ გამნელებია მოყენებული ტკივილი.ჩემი აზრით უნდა ისჯებოდნენ ასეთი უღირსი ექიმები მე რომ შემხვდნენ და ვთვლი,რომ ქართველ მედპერსონალს აკლია სათანადო განათლება ამ სფეროში. ვცდილობ,ვიცხოვრო ჩვეულებრივი ცხოვრებით,მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვარ წინა თვეების სტრესიდან.არ მინდა ჩემს დიაგნოზზე არც ფიქრი,არც ლაპარაკი.აქ მოწერით მგონია,თქვენ გაგიზიარეთ ჩემი ტკივილი,რადგან მჯერა,თქვენზე უკეთ ვერავინ გამიგებს. იმედია,თანდათანობით ყველაფერი დალაგდება და შეიცვლება უკეთესობისკენ...


მარი .კ


No comments:

Post a Comment