Monday, February 2, 2015

გზა მსხვერპლიდან აქტიურ მოხალისეობამდე – ასოციაცია ჰერას XXI-ს თანადგომით შეცვლილი ისტორია

9 თვის ორსულს ხელი მკრა და კედელზე მიმარტყმევინა თავი...  თითქმის ყოველდღიურად მცემდა...  დალევასთან ერთად კაზინოში თამაში უყვარდა...  რამდენჯერმე დავტოვე და ბებიასთან წავედი საცხოვრებლად ... ყოველჯერზე მირეკავდა და მეც უკან ვბრუნდებოდი... ხალხის აზრის მეშინოდა არ ეთქვათ სუსტი ყოფაქცევის არის ქმართან არ ბრუნდებაო...  ასე შვიდი წელი გაგრძელდა...  ბეტონზე მარტყმევინებდა თავს...  მთელ სხეულზე  სილურჯეები მქონდა...  სახეზე სიგარეტი ჩამაწვა...  დანითაც დამჭრა...  ბოლოს ავდექი და წამოვედი... ” -ასე აღწერს თავის ცხოვრებას 25 წლის ნინო. თავიდან როდესაც ეს ისტორია წავიკითხე ვიფიქრე რეიტინგისთვის მოფიქრებული მორიგი ამბავიათქო. ბევრი საიტი ხომ ასე იკრებს მკითხველს, მაგრამ შემდეგ თვითონ ნინოც გავიცანი. ახლა ორი შვილის მარტოხელა დედაა. ყველაფერი რაც  ფურცელზე დაწერილ  ისტორიაშია,   მის თვალებშიც შეიძლება წაიკითხო.

ასოციაცია ჰერა XXI-ს თანამშრომლებმა მითხრეს ჩვენთან რომ მოვიდა ძალიან დამფრთხალი და შეშინებული იყოო. თუმცა ახლა სულ სხვანაირია.  არ გავს იმ ადამიანს, ვინც ამდენ ფიზიკურ და მორალურ შეურაცყოფას წლების მანძილზე უხმოდ იტანდა. ჰერა XXI_სთან რამდენიმე თვეა თანამშრომლობს. უკვე გაიარა გზა მსხვერპლიდან -უფლებების დამცველამდე. მიყვება რომ ახლა მისი წარსულის მქონე გოგონებს რჩევებს აძლევს.

”ჩემი ისტორია თუ წაიკითხე ალბათ უკვე იცი რომ 7 წელი დამცირებას და შეურაცყოფას ვითმენდი,  მხოლოდ იმიტომ რომ ხალხს არ ეთქვა ქმრისგან იმიტომ წამოვიდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალი არისო. სტიგმას ვერ ვებრძოდი,  არც ვიცოდი როგორ უნდა მებრძოლა. მერე მეგობარმა ასოციაცია ჰერა XXI-ში მომიყვანა. უცებ შავ-თეთრი სამყაროდან ფერად გარემოში მოვხვდი. უფრო ადრე რომ მცოდნოდა მათზე შეიძლება ჩემი ცხოვრება დღეს სხვა გზით წასულიყო, მაგრამ ახლაც არ ვჩივი. 

მათი დახმარებით შევიტყვე, თუ რას ნიშნავს ადამიანის უფლებები, როგორ უნდა დავიცვა თავი და ვიბრძოლო ჩემი, როგორც ქალის უფლებების დასაცავად.  გავეცანი კანონებს და მომეცა საშუალება თავად ამერჩია ჩემი უფლებების რეალიზაციის გზა. ამას ადრე ვერასდროს წამოვიდგენდი. არ ვფლობდი ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვისთვის უნდა მიმემართა როცა წლების მანძილზე ასე უხეშად ირღვეოდა ჩემი უფლებები.  შევიცვალე და შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ. ახლა უკვე ვიცი, რომ მეტი ინფორმაციის მიღება მინდა, მინდა ვიყო ჩართული და აღვიდგინო დაკარგული დრო.

ასოციაცია ,,ჰერა-XXI”-მა მომცა საშუალება ცხოვრება ახალი ფურცლიდან დამეწყო, ამიყვანეს მოხალისედ და პერიოდულად ვასრულებ დაკისრებულ სამუშაოებს. ვსწავლობ, ვიზრდები... 

 დევნილთა საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობ და იქ როგორც ასოციაციის მოხალისე საინფორმაციო–საგანმანათლებლო შეხვედრებს და დისკუსიებს ვმართავ, ჩემ თანატოლებთან გამოკითხვებ ვატარებ, ვცდილობ გავარკვიო რა მიზეზებით ხდება ადრეული ქორიწინებები. რის საფუძელზე იღებენ არასრულწლოვანები ასეთ სერიოზულ  გადაწყვეტილებებს. 

 პროცესში  ვხვდები ისეთებს ვისი აწმყოც ჩემი წარსულია. ვცდილობ ჩემი, ერთი მოქალაქის შესაძლებლობის ფარგლებში  მორალური დახმარება გავუწიო, მეტი ინფორმაცია მივაწოდო სწორ რეპროდუქციულ ქცევებთან დაკავშირებით. სხვა თუ ვერაფერს შევძლებ ჰერა XXI-ს გზას ვასწავლი, სადაც ზუსტად ვიცი, რომ იურიდიულ და მორალურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ. ექიმი–რეპროდუქტოლოგის კვალიფიციურ და უფასო კონსულტაციას გაუწევენ. 

მეტი გაინტერესებთ?  მე ორი შვილს ვზრდი, მიუხედავად ბევრი ხვეწნისა და დაპირებისა ყოფილ ქმართან დაბრუნებაზე იოტისოდენადაც აღარ ვფიქრობ,  თვითსტიგმა დიდიხანია დავამარცხე, ზუსტად ვიცი ჩემს შვილებს ნათელ მომავალს შევუქმნი, ჩემს ბიჭს  ქალის პატივისცემას აქედანვე ვასწავლი. ალბათ ოდესმე ჩემი პირადული ცხოვრებაც დალაგდება. ვფიქრობ  რაც ვიტანჯე ერთი ადამიანისთვის  საკმარისია. ჯერ 25 წლის ვარ და მჯერა ყველაფერი კარგი წინ მაქვს.  უკვე ვიცი, რომ სხვის ხელებს არ უნდა ვუყურო. თვითონაც შემიძლია თავი ვირჩინო და შვილები ვუზრუნველყო. ახლა ამისთვის მუდმივ სამსახურს ვეძებ.  მადლობა ჰერა XXI-ს, რომ მაშინ გამოჩნდა როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა”- ეს უკვე ნინოს სულ სხვა ისტორიაა.