Wednesday, March 13, 2013

რეალური ისტორია

მე აივ ინფიცირებული ვარ, ეს დიაგნოზი 2010 წლის მარტში დამისვეს. კარგად მესმოდა რას ნიშნავდა ეს დიაგნოზი, მაშინ უკვე 20 წლის ვიყავი.

საშინელი 6 თვე, დეპრესიული დღეები, ღამეები დაკარგული მომვალის იმედი და შიში რომ საზოგადოება გაგრიყავს, კიდევ ბევრი რამ. . . ყველაფერი ერთად მიტრიალებდა თავში.

საბედნიეროდ დღესდღეობით პირველადი ფსიქოლოგიური პრობლემები გადავლახე. რა დამეხმარა? საკუთარი ხასიათი. ჩვეულებრივ რიტმში ჩავჯექი, ვსწავლობ, ვერთობი როგორც სხვა დანარჩენი ახალგაზდები და დარწმუნებული ვარ რომ წინ ბევრი საინტერესო რამ მელოდება ცხოვრებაში. ყოველ დღე იმ იმედით ვიღვიძებ რომ ადრე თუ გვიან ამ ინფექციის წამალს გამოიგონებენ. დღევანდელი მედიცინის მიღწევებს თუ
გავითვალისწინებთ, მგონი ეს არც თუ შორეულ მომავალში იქნება.

სამწუხაროდ აივ ინფექციისა და ინფიცირებულების მიმართ დამახინჯებული წარმოდგენა არსებობს. ძალიან ხშირად მომისმენია დამცინავი და უარყოფითი ფრაზები ინფიცირებულების მიმართ, ხშირად ისეთ გარემოში, სადაც ყველაზე ნაკლებად ელი, ბიოეთიკის ლექციაზე, მომავალი ექიმებისგან ა. შ. ვერ ვხვდები რატომ არის ასეთი დამოკიდებულება, ეს ხომ ერთერთი ქრონიკული დაავადებაა? თანაც ყველაზე ცუდი ისაა რომ ასეთ შემთხვევებში პირდაპირმა დაპირისპირებამ შეიძლება რეალურად ცუდ მდგომარეობაში ჩაგაგდოს ადამიანი, ამიტომ ვფიქრობ, რომ აუციებელია სტრუქტურები, ჯგუფები რომლებიც იმუშავებენ არსებული სტიგმისა და
დისკრიმინაციის შემცირებაზე, და პირველ რიგში ადამიანების დამოკიდებულების შეცვლას მოახერხებენ.

კონკრეტულად ჩემ მიმართ დისკრიმინაციის ფაქტები არ ყოფილა, რადგან ჩემი ჯანმრთელობის სტატუსის შესახებ მხოლოდ უახლოესმა მეგობრებმა იციან. ასე თავს უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობ. ამჟამად, აქტიურად ვარ ჩართული აივ ინფიცირებულების საადვოკაციო გჯუფის საქმიანობაში. მე მუდამ ხელს შევუწყობ
ინფიცირებულების მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირებას.

No comments:

Post a Comment